თეთრაძეთა გვარის ისტორია
ღვთისა და ერის სამსახურში დგომა ქართველ
კაცს ოდითგანვე ჰქონდა გაცნობიერებული. ყოველი
ქართველის შეგნებაში იდო, რომ ერთი შენაკადი
იყო იმ დიდი მდინარისა, რომელსაც საქართველო
ჰქვია. იცოდა, რომ საგვარეულოთა თანადგომით
უძლებდა ქართველი ხალხი უამრავ ჭირ-ვარამს.
ნებისმიერი გვარის წარმოშობა, გამრავლება და
განსახლება უშუალო და პირდაპირ კავშირშია ერის
ბედთან, რადგანაც სწორედ ცალკეულ ქართულ
საგვარეულო ისტორიათა ჯამი, კრებული
წარმოადგენს საქართველოს ბოლო ასწლეულების
ისტორიას. თითოეული საგვარეულო ერის
სიმდიდრეა, განუმეორებელი და თვითმყოფადია
თავისი არსით. შესაბამისად, გვარში შემავალი
ყოველი ადამიანიც ერის ისტორიის ნაწილია, მისი
ჯვრის მტვირთველი. გვარის წინაშე ღირსების
დაცვა, შესისხლხორცებული ჰქონდა საგვარეულოს
თითოეულ წევრს, რამეთუ ოდითგან კარგი კაცობა
კარგი გვარობის განმსაზღვრელი იყო.